ვარძია

   გრანდიოზული არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი - ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, თამარის მეფობის დროს. მშენებლობითი სამუშაოები შემდეგშიც მიმდინარეობდა.
vardzia_03.jpg (6878 bytes)
    ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 მ - დეა, განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან  13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.
vardzia_04.jpg (7139 bytes)
XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი   და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები.
   ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინერისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურატი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა.
vardzia_05.jpg (7374 bytes)
    ვარძია მდიდარი იყო. აქაური საეკლესიო ნივთები ვერცხლისა და ოქროსი ყოფილა, ხატები და ჯვრები კი შემრული იყო ძვირფასი თვლებით. ვარძიის მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც წარმოებდა დიდი ლიტერატურული და მხატვრული მოღვაწეობა. აქ კარგა ხანს მოღვაწეობდა იოანე შავთელი და, შესაძლოა,  შოთა რუსთაველიც. აქაური წიგნთსაცავიდან  შემორჩენილია XII საუკუნის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი.
vardzia_01.jpg (8602 bytes)
    1551 წელს ვარძია სპარსელებმა დაანგრიეს და დაარბიეს. გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და სხვა მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. 1861 წელს ვარძიაში წირვა - ლოცვა განახლდა, თუმცა იგი კვლავ იძარცვებოდა და უპატრონო და მოუბლელი იყო.
    ჟამთა სვლისგან და მიწისძვრისაგან ვარძიამ დაკარგა პირვანდელი ბრწყინვალე იერი, მისი ფასადები ძირითადად დანგრეულია, მაგრამ იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავისი სილამაზით და გრანდიოზულობით.