სვეტიცხოველი

     სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.
როგორც ლეგენდა გვაუწყებს, მცხეთის მკვიდრი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მეტისმეტი მღელვარებისგან მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.
svetistkhoveli_01.jpg (7125 bytes)
როცა 337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.
svetistkhoveli_09.jpg (4808 bytes)

    შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოჩღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.

     ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".
Hand.jpg (3159 bytes)
     სვეტიცხოველი ყველაზე დიდი და სათაყვანებელი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. იგი საქართველოს საეკლესიო ცენტრია. გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.
svetistkhoveli_08.jpg (7871 bytes)
ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.
გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.
     13 საუკუნის მანძილზე ანადგურებდნენ ტაძარს მტრები: აბულ-ყასიმი, ალფ-არსლანი, თემურ-ლენგი, შაჰ-თამაზი, შაჰ-აბაზი და სხვები. მრავალჯერ გადაკეთდა და ამიტომ მისი პირველსახე რამდენადმე შეიცვალა.
     საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.