ნიკორწმინდა

    ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში, მცირე შემაღლებაზე და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით. 

  ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XI ს-ის პირველი ნახევრისა. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული.

nikortminda_09.jpg (6390 bytes)
nikortminda_02.jpg (6239 bytes)
1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III -ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც XVII საუკუნისაა.
შენობის გარეგნობა  რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ - ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. მაგრამ ეს ცალკეული დამოუკიდებელი სამკაულები კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელი ნაწილებია.
nikortminda_04.jpg (4463 bytes)
  ქართულ ტაძართა სკულპტურული გაფორმება ნიკორწმინდაში მწვერვალს აღწევს. სწორედ ამიტომ უძღვნა დიდმა ქართველმა პოეტმა გალაქტიონმა "ქებათა ქება ნიკორწმინდას".