მცხეთის ჯვარი

ჯვარი - ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი - დგას მცხეთასთან, მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან.
ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ  ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ.
jvari_01.jpg
   586/7 - 604 წლებში გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I -მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი - დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს ( ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი).
jvari_02.jpg
  ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით. შენობის ბირთვს შეადგენს კვარდატი, რომლის თავზეც აღმართულია 8- წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. ძველი და ახალი ეკლესიები შემდეგში გაერთიანდა შემაერთებელი კარიბჭით. შენობა დიდი არ არის (მისი ზომებია 22მ X 19მ, სიმაღლე 25 მ ), მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადი მოპირკეთებულია მოვარდისფრო - ქვიშისფერი თლილი ქვით.
   მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რომ ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული, მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. შემდეგში ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად იქცევა.
jvari_03.jpg (3809 bytes)

  მონასტრის გარშემო არსებული სხვა ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია.          

  მონასტრის კედლის ნახატებში გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც.    არის ძველი წარწერებიც.
  საქართველოში არ არსებობს ნივთიერი კულტურის სხვა ასეთი პოპულარული ძეგლი. მცხეთის ჯვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.