გელათი

      გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქუთაისიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ზე, მთის ფერდობზე, შესანიშნავი პეიზაჟის ფონზე.

    მონასტრის მშენებლობა დაიწყო დავით აღმაშენებელმა 1106 წელს და დაამთავრა მისმა შვილმა, დემეტრე I -მა 1130 წელს. ლეგენდების მიხედვით დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე. ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია. არსებობს სხვა ლეგენდებიც.

    გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი. ტაძრის მასშტაბი, შიდა სივრცის უხვი განათება, ფასადების დეკორატიული თაღნარი ბუნებრივად ერწყმის ლანდშაფტს და გრანდიოზულობისა და სიდიადის შთაბეჭდილებას ახდენს. აქ ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებია. საკურთხევლის ნახევარსფეროზე, ბრწყინვალედ შესრულებულ XII საუკუნის განთქმულ მოზაიკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე გამოსახული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია. ფრესკები ძირითადად გვიანი პერიოდისაა. მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება - უნიკალურია XII საუკუნის ხელოვნებაში. ბიბლიურ სცენებთან ერთად აქ გამოსახულია ისტორიული პიროვნებებიც. აქაა ჩვენამდე მოღწეული დავით აღმაშენებლის ერთადერთი პორტრეტი (XVI ს.). არის ჭედურობისა და მინანქრული ხელოვნების მრავალი ნიმუში.

    გეგმაში ტაძარი ცენტრალურ - გუმბათოვანი ნაგებობაა სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბოძსა და საკურთხევლის კედლებზე. გარედან მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. ტაძრის ზომებია: 35 მ X 36 მ, სიმაღლე - 34 მ.

    XIII - XIV საუკუნებშია აშენებული შედარებით მცირე ნაგებობები: წმ. გიორგის ეკლესია მთავარი ტაძრისგან აღმოსავლეთით, წმ. ნიკოლოზის ეკლესია - დასავლეთით და სამრეკლო წყაროს თავზე.

    დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერთან ჩამოაყალიბა აკადემია, სადაც საუკეთესო ქართველი მეცნიერები მოღვაწეობდნენ, მათ შორის იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აკადემიის შენობა შთამბეჭდავი სიდიდისა იყო: 25 მ X 10,5 მ , სიმაღლე 10 მ. თავდაპირველად აკადემიის კედლებიც მოხატული ყოფილა. აკადემიამ XVI საუკუნის 20 -იან წლებამდე იარსება.

    საყურადღებოა გელათის კარიბჭე, სადაც დაცულია დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა, რომელსაც მონასტერში შემსვლელები, თვით მეფის ანდერძის თანახმად, ფერს ადგამენ და ისე შედიან შიგნით.

    გელათის ანსამბლიდან 200 მეტრზე ჩრდილო - დასავლეთით ნანგრევებია, სადაც განდეგილები ცხოვრობდნენ. თავდაპირველად აქ განლაგებული ყოფილა ქსენონ - სამკურნალო. მემატიანის გადმოცემით, იგი აუშენებია დავით აღმაშენებელს, რომელიც თვითონვე ამოწმებდა, თუ როგორ პატრონობდნენ ავადმყოფებს.

    მონასტრის სამხრეთით, მაღალ კონცხზე შემორჩენილია მცირე საყდრის - წმ. საბას ნანგრევები. იგი აგებულია X - XI საუკუნეში, გელათის დაარსებამდე. აქვეა  წმ. ელიას ეკლესიაც.

    გელათი თავიდანვე მეფეთა საძვალედაც იყო განკუთვნილი. XII საუკუნიდან აქ იმარხებოდნენ საქართველოს მეფეები, ხოლო XV საუკუნიდან - იმერეთის მეფეები. ხალხური გადმოცემით აქაა დასაფლავებული თამარ მეფეც.

    1510 წლის 23 ნოემბერს ტაძარი თურქებმა გადაწვეს.

    გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები, მათ შორის ძვირფასი ხახულის ხატი, ამჟამად ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

gelati_01.jpg (5675 bytes)
gelati_04.jpg (5783 bytes)
gelati_06.jpg (7204 bytes)
gelati_09.jpg (6827 bytes)
gelati_10.jpg (6352 bytes)
gelati_20.jpg (7729 bytes)
king_david.jpg (6730 bytes)
gelati_07.jpg (5545 bytes)
gelati_03.jpg (6006 bytes)