ბოლნისის სიონი

    ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს ბოლნისიდან 8 კმ-ზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე. 

სიონის სახელწოდება საქართველოში პალესტინიდან შემოვიდა და რამდენიმე ადგილას გვხვდება. ბოლნისის სიონი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. იგი აშენებულია 478 - 493 წლებში. 

მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული, VIII საუკუნისაა. ბოლნისის სიონის ფასადები მარტივია: ფართო კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, მომწვანო-ფირუზისფერი ტუფით.
bolnisi_01.jpg (3707 bytes)

    შუა საუკუნეების დასაწყისის ხუროთმოძღვრებაში ფასადს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია შიგა სივრცის გადაწყვეტა. ბოლნისის ინტერიერი დახვეწილი პროპორციებით, მორთულობის გააზრებული განაწილებით დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

bolnisi_02.jpg (4865 bytes)
   ბოლნისის სიონმა შემოგვინახა ქართული ქრისტიანული სკულპტურის უძველესი ნიმუშები. აქ პირველად გვხვდება ქვაზე კვეთილი სკულპტურული და ორნამენტული სამკაული, რომელიც თავმოყრილია ტაძრის ინტერიერში.

   სიონის ტაძრის კედლებზე შემონახული წარწერები უძველეს ქართულ წერილობით ძეგლს წარმოადგენენ. პირველი წარწერიანი ქვა, რომელიც მოთავსებული იყო ტაძრის ჩრდილოეთის მარცხენა შესასვლელის თავზე, ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მეორე წარწერაში, აღმოსავლეთ ფასადზე, მოხსენებულია ტაძრის ამშენებელი - დავით ეპისკოპოსი.  მესამე წარწერა ჩრდილოეთის მარჯვენა შესასვლელის თავზეა.

დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა. 1634 წ. სპარსელების შემოსევის დროს დაზიანდა კამარები და დასავლეთის კედელი. XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოს გიორგი XI -ის ბრძანებით ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და გვერდით სამრეკლოც მიუშენა.
bolnisi_03.jpg (3611 bytes)

XVIII საუკუნის მანძილზე ბოლნისი არაერთხელ დაარბიეს ლეკებმა. ძარცვა-განადგურება მას არც XIX საუკუნეში მოკლებია.