ბაგრატის ტაძარი

    ბაგრატის ტაძარი - მდებარეობს ქუთაისში, უქიმერონის გორაზე. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დასრულდა 1003 წელს. სახელი  ეწოდა ბაგრატ III - ის გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, სახელის მიხედვით. ტაძრის კურთხევა ბაგრატმა განსაკუთრებულ ზეიმით აღნიშნა. მიწვეული იყვნენ ახლობელი მეფეები, დიდებულები და საეკლესიო პირები. ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ მდაბიონიც.
     ტაძარი წარმოადგენს სწორკუთხამკლავებიან ჯვრის მოხაზულობაში ჩაწერილ ტრიკონქს. მკლავები შიგნიდან ნახევარწრიული აფსიდებითაა დასრულებული. ღერძი წაგრძელებულია აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი ოთხ მძლავრ თავისუფალ მდგარ ბურჯს ეყრდნობა.
bagrati_08.jpg (5449 bytes)
ტაძრის გარეგნული იერი მონუმენტური და დიდებულია, ამავე დროს მრავალფეროვანი და დინამიური: შვერილი მკლავები, დასავლეთის კოშკიანი ფასადის ასიმეტრიულობა, კარიბჭეები, დეკორაციული თაღები, ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ცხოველხატულ სახეს.
bagrati_05.jpg (4831 bytes)
შენობა გვაოცებს პროპორციების დახვეწილობით, დეკორის   მრავალფეროვნებითა და დიდებულობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციული სიმსუბუქით. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა განსაცვიფრებელი სინატიფის აფსიდების ორმაგი სარკმელები. ტაძრის კედელ-კამარებსა და იატაკს ამკობდა მოზაიკა, რომელის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძარი მოხატული იყო.
    მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო - დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.
bagrati_reconst.jpg (3898 bytes)
    ტაძრის წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი.
    XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს. ეხლა იგი დანგრეულია, აღარც გუმბათი აქვს, აღარც კამარები და აღარც გუმბათქვეშა ბოძები.
    ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში.